ეს ოჯახი აქ დიდი ხანია ცხოვრობს. შინ დედა, მამა და სამი გოგოა, ახლა უკვე ორი, შუათანა სტუდენტურ საცხოვრებელში გადავიდა, თავის უნივერსიტეტთან ახლოს.
მე როგორც მივხვდი, სამივეს უნდოდა პატარა ცხოველი ეშვილებინათ, მაგრამ მშობლების ამბავი ხომ იცით, ათას მიზეზს გამონახავენ, რომ არაფერი შეცვალონ თავიანთ ყოველდღიურობაში.
ჯერ კატაზე ლაპარაკობდნენ გოგოები, მერე ზაზუნაზე, ბოლოს თევზებსა და ჩიტებზე გადავიდნენ და მშობლებს მაინც არაფერი ეშველათ!
ბოლოს უმცროსმა გოგომ გადაწყვიტა რამდენიმეწლიანი ფუჭი მოლაპარაკების ამბავი და ყველასგან დამოუკიდებლად დაეკონტაქტა უფროსი დის მეგობარსა და კლასელ გოგოს, კერსტინს, რომლის მეგობარსაც ჰყავდა ჩემი დედიკო სხვა შინაურ ცხოველუკებთან ერთად. დედას ვეყოლეთ და ორი კვირისები დაგვარიგეს მეგობრებისა და ნაცნობების სახლებში.
უმცროსი ალექსა და დედამისი რომ მოვიდნენ, მე და ჩემი ხუთი და-ძმა ერთ მოზრდილ ყუთში ჩაფენილ თივაში დავბანცალებდით. გაიღო კარი, შემოვარდა გრილი ნიავი, შევიშმუშნე, დაგვანათეს შუქი და გოგონას შესთავაზეს ჩვენგან ერთ-ერთის არჩევა. დედამისს ჰგონებია, რომ ალექსა ჩემს წითურ ძამიკოს გამოარჩევდა. არადა იმან სწორედ მე წამომიყვანა, ექვს და-ძმაში ყველაზე თეთრი.
ჩამსვეს პლასტმასის ყვითელ ყუთში, ნახერხით მოფენილში და ჩამეძინა, სანამ მანქანით მოვყავდი. შევფხიზლდებოდი ხოლმე. გოგო მანამდე ჩემთვის დასარქმევად მოფიქრებულ სახელებს ეუბნებოდა დედას: "ქუქი" (cookie ანუ ნამცხვარა თუ ტკბილა, არ ვიცი, ეგრეა ქართულად?), "მიკი" (Mickey, ეგ რაღა სახელია, ნეტავ?!), სანამ კიდევ ჩამეძინებოდა, "ვანილა" მომესმა (Vanilla, მაგასაც ნამცხვრის გამოსაცხობად ხმარობენ თურმე).
შინ რომ მივედით, ალექსამ გადამსვა ჩემთვის ნაყიდ გალიაში, სადაც უფრო მეტი ნახერხი იყო და ხის სახლი, რომელშიც შევძვერი და დაიწყო ჩემი ცხოვრება ამ სოფელში.
ერთი ფოტო მატარებელში გადაუღო დედამ ალექსას, როცა ისინი კერსტინთან შესახვედრად მიდიოდნენ ჩემს წამოსაყვანად. ახლა ვერ ვპოულობ, მერე დავამატებ.
ეს მანამდე გადამიღო ჩემმა პატრონმა, სანამ გამაშვილებდა:
კიდევ მოგიყვებით აქაურობაზე. აბა, დროებით!
ვანილა



Comments
Post a Comment