Skip to main content

ჩემი სახლების ამბავი

რომ არ დამავიწყდეს მერე, მალე 6 თვის გავხდები, 6 სექტემბერს გავჩნდი და 6 მარტს ჩემი ოჯახი პატარა ზეიმის მოწყობას აპირებს ჩემთვის.

რომ მივყვეთ, სანამ შინ მიმიყვანდნენ, ჯერ სახლი მომიწყვეს. იყიდეს გალია, საჭმელი, წყლის ბოთლი, და ნახერხი. მერე სულ რაღაცეებს ყიდულობენ, გზადაგზა.



აი, აქ სატარებელი, გადასაყვანი ყუთებია. სადმე წაყვანა რომ დამჭირდეს, მაგალითად, სტომატოლოგთან.

ვხუმრობ. ცალკე სტომატოლოგი ზაზუნებს არ გვყავს. ვეტერინარს შეუძლია კბილების შემოწმება, ფრჩხილების მოწესრიგება, თუ ძალიან გამეზარდა, და ბეწვის შეჭრაც. სწორედ კბილების შესამოწმებლად უნდა წავიდე ამ კვირაში.

ჩამსვამენ ჩემს მწვანე ყუთში და ავტობუსით გავუყვებით გზას მეზობელი ქალაქისკენ. მერე ცოტა მოცდა მომიწევს. იქ, ალბათ, მარტო ზაზუნები არ იქნებიან. კატების ჩხავილსაც მოვისმენ და ძაღლების ყეფასაც.

ეს ჩემი მეორე ვიზიტი იქნება ექიმთან. პირველად აქვე ახლოს მცხოვრებ ვეტერინართან წამიყვანეს, 26 ნოემბერი იყო და ციოდა. დედაჩემს ეგონა, გზაში დავიძინებდი, მაგრამ სულ ვფხიზლობდი და ყუთიდან ამოსვლა მინდოდა. ყუთში უამრავი ნახერხი იყო, სადაც შემეძლო ჩავმძვრალიყავი და დამეძინა. გარედან თბილი გადასაფარებელი შემოაფარა დედამ ჩემს ტრანსპორტს, რომ არ შემცივნოდა.

მერე ექიმმა გამსინჯა. სიარული მიჭირდა, ცოტა წელი მტკიოდა. ღამით ჩემი დასაკიდებელი საქანელა ჩანთიდან ჩამოხტომისას ცუდად დავეცი და ფეხებს ძლივს დავათრევდი. ალექსას და ყველას გული გაუსკდათ დილით ჩემს დანახვაზე და დაღონდნენ. არ იცოდნენ, ასე დავრჩებოდი თუ გამოვკეთდებოდი.

აი, ამ ჩანთიდან ჩამოვვარდი:



ექიმა გამსინჯა და წამალი დამინიშნა, ხუთი დღის განმავლობაში პირში უნდა ჩაეწვეთებინათ ჩემთვის. დედამ რომ სთხოვა, ხერხემალზე გასინჯეთო, ექიმმა ჩემზე უთხრა, ასეთ პატარა პაციენტებთან ძნელია გადაღება და გარკვევაო. არადა მე ისე გაზრდილი მეგონა თავი! მერე დედაც უყვებოდა შინ ჩვენებს, ასე გვითხრა ექიმმა, პატარა პაციენტიო, პატარა კი არა, მე უკვე გოლიათი მგონიაო. ეტყობა სულ პაწაწინა რომ მიმიყვანეს და მოვიზარდე, პატარად ვეღარ აღმიქვამდნენ. ექიმს რა ესმის, მთავარია, ჩვენ ვიცით, რომ გავიზარდე!


ამ სურათზე წამლობის მესამე დღეს ვარ გადაღებული:



თქვენც რომ არ შეგაშინოთ, მიშველა მკურნალობამ და კარგად დავრბივარ უკვე დიდი ხანია. აღარაფერი მეტყობა.

იცით, როგორ ჩამოვვარდი? თავიდან ხის სახლი მქონდა და სანამ ტუალეტს მივეჩვეოდი, ამ სახლის კედელს ვასველებდი ხოლმე. რომ გამომიცვალეს ნახერხი გალიაში, შეამჩნიეს დაობებული კედელი. გადააგდეს ეს სახლი და სხვა რომ არაფერი ჰქონდათ, სანამ ახალს შემიძენდნენ, ჩამომიკიდეს ეგ საქანელა ჩანთა, შიგ რომ დამეძინა თბილად. ვერ მოვისვენე და ისევ იატაკზე დაყრილ ნახერხში ჩავხტი დასაძინებლად.  მერე უკვე იცით, როგორც იყო.

ჩემებმა ხის ნაცვლად პლასტმასის სახლი მიყიდეს მეორე დღესვე, რომ ყოველ კვირა თითო-თითო ხის ქოხი არ ეგდოთ ნაგავში.

დედაჩემი გაიქცა ცხოველების დიდ მაღაზიაში, ჩვენგან ცოტა მოშორებით, და იმდენი არჩია, ძლივს გადაწყვიტა, რა ფერი წამოეღო. მერე გოგოებმა ურჩიეს, ძილის დროს რომ შუქმა არ შეაწუხოს, ისევ შავი აიღეო. აი, ამ სახლებიდან ახლა შავი ფერის პლასტმასის სახლი მაქვს და შიგ გემრიელადაც მძინავს!



Comments

Popular posts from this blog

როგორ მოვხვდი ამ სოფელში

როგორც იქნა, ვიწყებ წერას! ბლოგის სათაურიდან მიხვდებით, რომ მქვია ვანილა, ვარ 5 თვის ზაზუნა გოგო და ვცხოვრობ ჩემს ოჯახთან ერთად ავსტრიის ერთ პაწია სოფელში. ეს ოჯახი აქ დიდი ხანია ცხოვრობს. შინ დედა, მამა და სამი გოგოა, ახლა უკვე ორი, შუათანა სტუდენტურ საცხოვრებელში გადავიდა, თავის უნივერსიტეტთან ახლოს. მე როგორც მივხვდი, სამივეს უნდოდა პატარა ცხოველი ეშვილებინათ, მაგრამ მშობლების ამბავი ხომ იცით, ათას მიზეზს გამონახავენ, რომ არაფერი შეცვალონ თავიანთ ყოველდღიურობაში. ჯერ კატაზე ლაპარაკობდნენ გოგოები, მერე ზაზუნაზე, ბოლოს თევზებსა და ჩიტებზე გადავიდნენ და მშობლებს მაინც არაფერი ეშველათ! ბოლოს უმცროსმა გოგომ გადაწყვიტა რამდენიმეწლიანი ფუჭი მოლაპარაკების ამბავი და ყველასგან დამოუკიდებლად დაეკონტაქტა უფროსი დის მეგობარსა და კლასელ გოგოს, კერსტინს, რომლის მეგობარსაც ჰყავდა ჩემი დედიკო სხვა შინაურ ცხოველუკებთან ერთად. დედას ვეყოლეთ და ორი კვირისები დაგვარიგეს მეგობრებისა და ნაცნობების სახლებში. უმცროსი ალექსა და დედამისი რომ მოვიდნენ, მე და ჩემი ხუთი და-ძმა ერთ მოზრდილ ყუთში ჩაფ...

სამგზავრო ყუთების ამბავი

უკვე მესამე სამგზავრო ყუთი მაქვს. ადრე ყვითელი ყუთი ვახსენე, იმით წამომიყვანეს თავდაპირველი პატრონისგან-მეთქი. პაწია ყუთი იყო, ალექსამ და დედამ ერთად შეარჩიეს ჩემთვის, სანამ მათთან გადავცხოვრდებოდი. ადრე დადებულ ფოტოზეც ჩანს: მაგ ყუთით ჯერ მეზობელ სახლში, ალექსას მეგობარ კიკისთან გადავედი მისი ზაზუნას გასაცნობად, მერე ეზოშიც ჩამიყვანა ალექსამ, სხვა ბავშვებისთვის რომ ენახებინა ჩემი თავი. მაგრამ მაგ ყუთს დიდი ხანი არ ეწერა. სანამ მე გალიაში ვიყავი, თაროზე იდო შემოდებული და მხოლოდ გალიის გასუფთავებისას გადამსვამდნენ ხოლმე შიგ, ელენეს ოთახში გასაყვანად, მტვერსასრუტის ხმას რომ არ შევეწუხებინე. ჰოდა, ერთი ასეთი გადასმა-გადმოსმის დროს, დედაჩემმა ძალა დაატანა ყუთის საკეტს და არ შემოემტვრა ხელში?! კიდევ კარგი, მაგ პერიოდში მგზავრობა არ დამჭირვებია, მხოლოდ გალიისა და ოთახის დასუფთავებისას მსვამდნენ მაგ ყუთში. ჰოდა, ამომტვრეულზე რომ ჩამსვეს, რა მექნა, ღრღნა დავუწყე გამოსაძვრომად და გავაფართოვე. ამიტომ საერთოდ გადააგდეს! იყიდეს მეორე, დიდი მწვანე სამგზავრო ყუთი და ისიც დაამტვრია დედაჩე...