უკვე მესამე სამგზავრო ყუთი მაქვს. ადრე ყვითელი ყუთი ვახსენე, იმით წამომიყვანეს თავდაპირველი პატრონისგან-მეთქი. პაწია ყუთი იყო, ალექსამ და დედამ ერთად შეარჩიეს ჩემთვის, სანამ მათთან გადავცხოვრდებოდი. ადრე დადებულ ფოტოზეც ჩანს: მაგ ყუთით ჯერ მეზობელ სახლში, ალექსას მეგობარ კიკისთან გადავედი მისი ზაზუნას გასაცნობად, მერე ეზოშიც ჩამიყვანა ალექსამ, სხვა ბავშვებისთვის რომ ენახებინა ჩემი თავი. მაგრამ მაგ ყუთს დიდი ხანი არ ეწერა. სანამ მე გალიაში ვიყავი, თაროზე იდო შემოდებული და მხოლოდ გალიის გასუფთავებისას გადამსვამდნენ ხოლმე შიგ, ელენეს ოთახში გასაყვანად, მტვერსასრუტის ხმას რომ არ შევეწუხებინე. ჰოდა, ერთი ასეთი გადასმა-გადმოსმის დროს, დედაჩემმა ძალა დაატანა ყუთის საკეტს და არ შემოემტვრა ხელში?! კიდევ კარგი, მაგ პერიოდში მგზავრობა არ დამჭირვებია, მხოლოდ გალიისა და ოთახის დასუფთავებისას მსვამდნენ მაგ ყუთში. ჰოდა, ამომტვრეულზე რომ ჩამსვეს, რა მექნა, ღრღნა დავუწყე გამოსაძვრომად და გავაფართოვე. ამიტომ საერთოდ გადააგდეს! იყიდეს მეორე, დიდი მწვანე სამგზავრო ყუთი და ისიც დაამტვრია დედაჩე...